Places You Need To See
მთავარ სურათზე გამოსახულია ორპირის კლდეკარი, ბუნებისგან შექმნილი საოცრება, რომელიც თვალწარმტაც სურათებს ქმნის მგზავრობისას. კლდეები იმდენად დიდი და მაღალია, რომ ამ ადგილას მზე თითქმის ვერ აღწევს.
სოფელი ლაილაში ლეჩხუმში მდებარეობს, ზღვის დონიდან დაახლოებით 850 მეტრზე, მდინარეების ლაჯანურისა და ასკისწყლის წყალგამყოფი ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე. სოფელი გამოირჩევა ბუნების სილამაზით და უამრავ ტურისტს იზიდავს. ლაილაში განსაკუთრებით ცნობილია მთის ფერდობზე მოწყობილი აუზით, საიდანაც მთებისა და ლაჯანურის წყალსაცავის შესანიშნავი ხედები იშლება. თავად ლაჯანურის წყალსაცავიც ულამაზეს სანახაობას წარმოადგენს, მწვანე მთებს შორის მოქცეული მოლივლივე მომწვანო-მოლურჯო წყალი საოცარ გარემოს ქმნის. სოფელში შემორჩენილია XIX საუკუნის ეკლესიები. ცნობილია X საუკუნის ლაილაშის ბიბლია, რომელიც ამჟამად საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება. ლაილაში წერილობით წყაროებში პირველად XVIII საუკუნეში იხსენიება, თუმცა სოფელი უძველესი დროიდან, ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანიდან, ყოფილა დასახლებული. 1912 წელს აკაკი წერეთელმა რაჭა-ლეჩხუმში იმოგზაურა და მისი მოგზაურობის დასასრული სწორედ სოფელი ლაილაში იყო. სოფლის კადრები ჩანს რეჟისორ ვასილ ამაშუკელის მიერ გადაღებულ აკაკი წერეთლის მოგზაურობის ამსახველ დოკუმენტურ ფილმში და ასევე ფილმში "მე,ბებია,ილიკო და ილარიონი".
ქულბაქის ტბები ლეჩხუმში, სოფელ ქულბაქში მდებარეობს. აქ ერთმანეთისგან დაახლოებით 500 მეტრით დაშორებული ორი ტბაა - მწვანე და ბაბუშკინოს ტბები. მწვანე ტბა ზღვის დონიდან 955 მეტრზე მდებარეობს, ბაბუშკინოს ტბა კი ზღვის დონიდან 990 მეტრზე. ტყით დაფარული მთები, სუფთა ჰაერი, ბუნების სიმშვიდე და მოლივლივე ტბები მრავალ მნახველს იზიდავს. ტბებამდე შესაძლებელია, როგორც მანქანით მისვლა, ასევე საინტერესო და მრავალფეროვანი სალაშქრო მარშრუტების დაგეგმვაც. ქულბაქის ტბები განსატვირთად შესანიშნავი ადგილია.
The Best in the Region